11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

"რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული" - საგარეო 11 წლის ბიჭის დედის ქვეყანაში დაბრუნებაზე

საგარეო საქმეთა სამინსტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის სამშობლოში დაბრუნება "რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული", რადგან, მათივე ცნობით, მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნისა და თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. 

"საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზავრების პროცესში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. 

უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR-ი ტესტირებას." – ამბობენ უწყებაში.

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის, თინათინ აბჟანდაძის თქმით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა, ვადაგასული პასპორტის გამო, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, აბჟანდაძე ამბობს, რომ ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ.

11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა. 

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილთან "იშვიათი ურთიერთობა" ჰქონდა.

კომენტარები