ბელარუსი

სტოლტენბერგი: მინსკში რეჟიმმა ფუნდამენტურ უფლებებს პატივი უნდა სცეს

იენს სტოლტენბერგი

27 აგვისტოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდერ ლუკაშენკოს მოუწოდა, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს. მისივე განცხადებით, გაუმართლებელია რომ მან გამოიყენოს თავდაცვითი ალიანსი დარბევის მიზეზად. 

"მინსკში რეჟიმმა უნდა აჩვენოს, რომ სრულიად პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას". – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

"NATO რეგიონში სამხედრო ძალებს არ აძლიერებს, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა რომ ეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში მიზეზად გამოიყენო, სრულიად გაუმართლებელია" .– მისივე განცხადებით, ბელარუს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი. 

იენს სტოლტენბერგი ამჟამად გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისთვის, ბერლინში იმყოფება.

16 აგვისტოს ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ლიტვა, ლატვია და პოლონეთი აძლიერებენ სამხედრო ძალას ბელარუსის საზღვრებთან. ლუკაშენკოს ბრალდებებს უარყოფს ნატო.

ამის შემდეგ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსის და ლიტვის სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. 

“არც პოლონეთი და არც სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნები არ გაებმება იმ ინტრიგებში, რომლებსაც ლუკაშენკო ქმნის. ჩვენ, ისევე, როგორც ნატოს წევრი თითოეული ქვეყანა, ვაკვირდებით რა ხდება ბელარუსში და დავაკვირდებით რა ხდება ჩვენს საზღვრებთან. ამ დაკვირვებაში არ ვიქნებით პასიურები”. – განცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

21 აგვისტოს ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთის ჩართულობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ "აშშ გეგმავს და მართავს ამ ყველაფერს, ევროპელები კი თამაშში ჰყვებიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან. ვარშავის მახლობლად სპეციალური ცენტრი ჩამოყალიბდა. ზუსტად ვიცით, რას აკეთებენ იქ, მათი ტანკები მზადყოფნაშია. როცა მდგომარეობა დაძაბულია და საქმეში ტანკები და თვითმფრინავები ერთვებიან, ამისთვის მიზეზი არსებობს".

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები