ჩეხეთი-ტაივანი

"მე ტაივანელი ვარ" – ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩინეთის მუქარის შემდეგ

0 კომენტარი
მილოს ვისტრიცილი ფოტო: WION

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა, მილოს ვისტრიცილმა, პირველ სექტემბერს ტაივანის პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ის ტაივანელია. მისი სიტყვები ეხმიანება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის, 1963 წლის გამოსვლას დასავლეთ ბერლინში, როდესაც მან კომუნისტების საპირისპიროდ თქვა, "ყველა თავისუფალი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ბერლინის მოქალაქეები არიან და მე, როგორც თავისუფალი კაცი, სიამაყით ვამბობ, მე ბერლინელი ვარ".

ვისტრიცილის თქმით, კენედის განცხადება, რომ ის ბერლინელია, ძლიერი გზავნილი იყო თავისუფლებისთვის და კომუნიზმის წინააღმდეგ:

"გთხოვთ, უფლება მომეცით, პირადად გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ტაივანისადმი და თავისუფლების გადამწყვეტი ღირებულებისთვის და დავასრულო დღევანდელი სიტყვა... ალბათ, უფრო, თავმდაბალი, თუმცა თანაბრად ძლიერი განცხადებით – "მე ტაივანელი ვარ".

მის სიტყვებს ტაივანის დეპუტატებმა ფეხზე მდგომებმა დაუკრეს ტაში. 

ვისტრიცილმა ასევე თქვა, რომ მისი ვიზიტი ხაზს უსვამს ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა დაამკვიდრა. აღსანიშნავია, რომ ვაცლავ ჰაველი დალაი ლამას მეგობარიც იყო. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვისტრიცილი ღიად მხარს უჭერს სეპარატიზმს და ჩინეთის შიდა საქმეებში ერევა - "ჩინეთი ამას მკაცრად გმობს".

31 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ დაიმუქრა, რომ ჩეხეთის სენატის სპიკერს მილოს ვისტრიცილს ტაივანში ოფიციალური ვიზიტი "ძვირად დაუჯდება". 

ჩეხეთის მთავრობას ამ ვიზიტისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, თუმცა ჩინეთის მუქარის შემდეგ ჩეხეთში ჩინეთის ელჩი გამოიძახეს. პეკინში ჩეხეთის ელჩიც დაიბარეს. 

მილოს ვისტრიცილი თაიფეიში 90-კაციანი დელეგაციით 30 აგვისტოს ჩავიდა. ტაივანში აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის ისტორიული ვიზიტის შემდეგ ტაივანში ეს კიდევ ერთი მაღალპროფილური დიპლომატიური ვიზიტია. ვისტრიცილის ვიზიტის მთავარი მიზანი ტაივანსა და ჩეხეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების წახალისებაა. ვისტრილიცის განცხადებით, ჩეხეთი თავს არ მოუხრიდა პეკინის პროტესტს. ვისტრიცილის გადაწყვეტილებამ პეკინის გაბრაზება გამოიწვია, რადგან ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფო ვიზიტების გამართვის უფლება არ აქვს.

ჩეხეთი, მსოფლიოს სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ერთიანი ჩინეთის პრინციპებს პატივს სცემს, თუმცა ამავდროულად, ტაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები აქვს.

ვისტრიცილამდე ამ ვიზიტის განხორციელება მის წინამორბედს, იაროსლავ კუბერას სურდა, თუმცა, ის 20 იანვარს მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა აპრილში განაცხადა, რომ ჩინეთის მუქარამ კუბერას უეცარი სიკვდილი გამოიწვია. იანვარში ჩინეთის საელჩომ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კუბერა ტაივანს ეწვეოდა, კონტინენტურ ჩინეთში ჩეხეთის კომპანიებს, მაგალითად, Volkswagen-ის დაქვემდებარებულ კომპანიას Skoda Auto-ს პრობლემები შეექმნებოდა.

ამის შემდეგ ჩეხეთის სენატმა 50 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ტაივანში ვისტრიცილის ვიზიტს. ვისტრიცილის ვიზიტი იქნება ჩეხი პოლიტიკოსის მიერ ტაივანში უმაღლესი დონის ვიზიტი.

პრაღის მერის განცხადებით, ვიზიტი ყველასთვის სასარგებლო იქნება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მან გააუქმა პრაღის მოკავშირე ქალაქის შეთანხმება პეკინთან ჩინეთის წნეხის გამო ეცნო "ერთიანი ჩინეთი". საპასუხოდ, ჩინეთი დაიმუქრა, რომ ჩეხეთში ჩინელი ტურისტების რიცხვს შეამცირებდა და ასევე პეკინმა პრაღის ფილარმონიის ორკესტრას ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა. მერი ტაივანს გასულ წელსაც ეწვია.

ჰრიბისა და ვისტრიცილისგან განსხვავებით, ჩეხეთის პრემიერმინისტრი, მილოს ზემანი თავს ჩინეთის "ერთგულ მეგობრად" მიიჩნევს.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩეხეთში ვიზიტისას ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა. რუსეთის საფრთხეებზე საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ დღეს უფრო დიდი საფრთხეა ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი იძულებისა და კონტროლის კამპანიებით:

"ეს არ არის ტანკები და იარაღები - ძალიან განსხვავდება ამისგან. ჩინეთის კომუნისტური პარტია იწყებს უდანაშაულო პარტიებთან ანგარიშწორებას, როდესაც [მათი] გზები იკვეთება... ახლა, შესაძლოა, მარტივია ჩინეთის გამოწვევის უარყოფა, როგორც უბრალო გამაღიზიანებლისა, მაგრამ, იმედი მაქვს, იცით, რომ ასე არ არის. რეჟიმს საბჭოთა კავშირზე არანაკლები მარქსისტულ-ლენინური საფუძველი აქვს და, სავარაუდოდ, უფრო მეტიც".

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანის დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ტაივანს არაერთ ქვეყანასთან აქვს არაოფიციალური ურთიერთობები. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური კომუნისტური ჩინეთისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები