ბელარუსი

ბელარუსში სწავლის დაწყების პირველ დღეს სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს [გალერეა]

0 კომენტარი

ბელარუსში სწავლის დაწყების პირველ დღეს სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს და სასწავლო წლის დაწყებას ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი ეს ნაბიჯი ეხმიანება ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოსკაიას მოწოდებას, მოითხოვონ ახალი არჩევნები და ლუკაშენკოზე წნეხი გაზარდონ, რომ გადადგეს. 

სტუდენტები აფრიალებდნენ ბელარუსის დროშებს. მათ მსვლელობა გამართეს მინსკის ქუჩებში და რამდენიმე სასწავლო დაწესებულებიდან შეაგროვეს ხელმოწერები, რითაც ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი სტუდენტი დააკავეს. 

ტიხანოვსკაიას გუნდი ამბობს, რომ ბოიკოტი საჭიროა "რათა გამოჩნდეს, რომ ახალგაზრდები განზე ვერ გადგებიან ბელარუსში მიმდინარე მოვლენებისგან".

ლუკაშენკომ თქვა, რომ მომიტინგეები ვირთხები არიან, რომლებსაც საზღვარგარეთიდან მხარს უჭერენ. 

"თავად ხარ ვირთხა". – ლუკაშენკოს განაცხადების შემდეგ ეს პროტესტის ერთერთი ახალი სლოგანი გახდა. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები სამი კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე.

გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ.

ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები