კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 26 აჭარაში აღირიცხა

turebi.ge

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 26 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული 38 შემთხვევიდან ყველაზე მეტი სწორედ აჭარაზე, კერძოდ, ბათუმზე მოდის. 

როგორც ნონა ეფაძე ამბობს, 26 ახალი შემთხვევიდან 21 საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება, ერთი შემთხვევა საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, სამმა დაინფიცირებულმა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ თავად მიმართეს ცხელების ცენტრებს, ერთიც ძველ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 

"რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ეპიდ-კვლევითი სამუშაოები. ღონისძიება, რის ჩატარებასაც ვგეგმავთ, გაფართოებული ტესტირებაა". – ამბობს ნონა ეფაძე. 

ბათუმში ერთერთი უმსხვილესი საკონდიტრო მაღაზიის, დონას თანამშრომლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ცნობილი 1 სექტემბერს გახდა. მოგვიანებით ახალი კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ ერთ თანამშრომელს და ასევე, მეპატრონესაც დაუდასტურდა. ამ დროისთვის საკონდიტროს ორივე ფილიალი დაკეტილია და თანამშრომლების დიდი ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონაში იმყოფებოდა, NCDC-ის უფასო ტესტირებისთვის მიმართოს.

ბათუმში ამ დრომდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი სადიაგნოსტიკო კარავი იდგა – ერთი ცენტრალურ ბულვარში, კოლონადებთან, ხოლო მეორე ახალ ბულვარში, რესტორან აჭარულ სახლთან. დღეს ბათუმში კიდევ ერთი კარავი ძველ ბათუმში, ანბანის კოშკთან დაიდგმება. სამივე კარავში 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ნებისმიერ მსურველს ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება. ამას გარდა, ტესტირება კიდევ ხუთ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. 

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, მიუხედავად შემთხვევების მკვეთრი მატებისა, ბათუმის ჩაკეტვაზე ან სპეციალური საკარანტინო ზომების მიღებაზე საუბარი არ არის. იგივე გაიმეორა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა. 

კომენტარები