ალექსეი ნავალნის მოწამვლა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ნავალნის მოწამვლის გამო დაიბარა

დომინიკ რააბი
REUTERS

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ Twitter-ზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა დაწერა.

"დღეს დიდმა ბრიტანეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთების გამოსახატად რუსეთის ელჩი დაიბარა. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ აკრძალული ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. რუსეთმა უნდა ჩაატაროს სრული და გამჭვირვალე გამოძიება". – წერს დომინიკ რააბი Twitter-ზე.

ანდრეი კელინმა აღნიშნა, რომ მიუღებელია რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება.

დღეს, 7 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ბერლინში მდებარე კლინიკა, შარიტეს ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

კომენტარები