კრიმინალი

სტუმრების ცემისთვის Skygirls Bar-ის მეოთხე თანამშრომელიც დააკავეს

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის წევრების და მენეჯერის შემდეგ, დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიება 1978 წელს დაბადებულ რ.ჩ-საც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ". – აცხადებს შსს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. მუხლი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით". – აცხადებს შსს.

კომენტარები