კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: დაიცავით რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციები არ გახდეს საჭირო

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს". – მთავრობის ადმინისტრაციამ ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. 

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე თქვეს, რომ "ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი იყოს მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე - ქვეყნის ეკონომიკას".

"საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 45 - ბოლო ერთ დღეში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები