კორონავირუსი ბათუმში

ხოფის ბაზრობა, იუსტიციის სახლი, სამშობიაროს თანამშრომელი - COVID-19-ის შემთხვევები ბათუმში

turebi.ge

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, ინფიცირების 7 შემთხვევა, ხოფის ბაზრობას უკავშირდება - ინფიცირებულია 2 თანამშრომელი და ოჯახის 5 წევრი. შავიშვილის ცნობით, ხოფის ბაზრობა არ გაიხსნება მანამ, სანამ ტესტირება არ დასრულდება.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის იუსტიციის სახლის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრსაც. 

შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის სამშობიარო სახლში დადასტურებული შემთხვევა დონას კლასტერს უკავშირდება.

"ეს არ არის ახალი კლასტერი. ეს არის დონასთან აფილირებული შემთხვევა. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არცერთი მელოგინე და ახალშობილი. ამიტომ, სამშობიარო არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით და მხოლოდ იყვნენ თანამშრომლები". – თქვა რუსუდან შავიშვილმა.   

რუსუდან შავიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების სხვა შემთხვევები "მინი კლასტერებია" და იქ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ აჭარა "წითელი ზონაა" და, მისივე სიტყვებით, რეგიონში დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. გუშინ დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან, რაც ქვეყანაში 24 საათში აღრიცხულ შემთხვევათა მაქსიმუმია, 23 აჭარაში გამოვლინდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით კი მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას არ განიხილავს.

კომენტარები