ეკონომიკა

რა დადებით დინამიკაზე საუბრობს მინისტრი და რატომ მცირდება ინვესტიციები

0 კომენტარი

2020 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 25.6%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის II კვარტალში 237.8 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 0.5%-ით [1.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია.

რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2020 წლის 6 თვეში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 409.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, მიმდინარე მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პანდემიის პირობებში ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელიც იყო, თუმცა პანდემიამდეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა.

ამის ფონზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მეორე კვარტალში ინვესტიციების მცირედით ზრდას მნიშვნელოვნად წარმოაჩენს და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე გვესაუბრება. ნათია თურნავას შეფასებით, „პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ. ამის ფონზე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვაქვს."

თურნავა ხაზს უსვამს ეკონომიკის სექტორებს, რომელშიც ზრდა ფიქსირდება. ესენია: მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები. მინისტრის თქმით, "ეს ის დარგებია, რომელსაც მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით, რაც კვლავ ადასტურებს ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტიანობას“.

ეკონომიკის მინისტრი უგულებელყოფს პირველი კვარტალის მაჩვენებლებს და მხოლოდ მეორე კვარტალის მონაცემებზე ლაპარაკობს. ამასთან, ენერგეტიკისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ძირითადად ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების შემცირებას უკავშირდება. 6 თვის მონაცემებით, ენერგეტიკაში 94%-ით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, რაც 150.1 მილიონ დოლარს უტოლდება. 2020 წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10 უმსხვილესი საინვესტიციო სექტორიდან ხუთში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა [ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება]

2020 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 173.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა. 6 თვეში საფინანსო სექტორში ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 628%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2019 და 2020 წლებში [6 თვის მონაცემები]

წყარო: საქსტატი

ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება მხოლოდ COVID-19-ის პანდემიით ვერ აიხსნება, რადგან პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია იყო. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით, 672 მილიონი დოლარით შემცირდა. 2019 წელს კი ინვესტიციები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა და მხოლოდ 0.2%-ით, 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ, ინვესტიციების შემოდინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2018-2019 წლებში დაფიქსირდა. ინვესტიციების მოცულობა ასევე შემცირდა 2015-2016 წლებში. ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 1.9 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წელს დაფიქსირდა.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012-2020 წლებში:

წყარო: საქსტატი

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება დიდწილად შაჰ-დენიზის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას უკავშირდებოდა, რომელზეც წინა წლებში ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების დიდი წილი მოდიოდა. ინვესტიციების შემცირების მიზეზად, ასევე დასახელდა რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება [სასესხო დავალიანების დაფარვა]. თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზებია, ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან აქამდეც გადიოდა [ვალების დაფარვა, კომპანიების გასხვისება] მაგრამ სხვა შემომავალი ნაკადებით ბალანსდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაჩერდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჰქონდა მობილიზებული. აქედან, 400 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD; OPIC; ADB; AIIB) უნდა განეხორციელებინათ.  

მთავრობამ საფინანსო ინსტიტუტებს კომერციული რისკების დაზღვევაზე უარი უთხრა და ამით ანაკლიის პორტის პროექტი ჩიხში შეიყვანა, კონსორციუმმა პროექტის ფინანსური დახურვა ვერ მოახერხა და პორტის მშენებლობაც გაჩერდა. მთავრობის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის გაჩერებით გამოწვეულ საინვესტიციო დანაკარგებზე ლაპარაკობენ, თუმცა თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფით ტენდენციას კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემია, რომლის უარყოფითი გავლენა, მაღალი ალბათობით, შემდეგ კვარტალებში კიდევ უფრო მეტად აისახება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები