ნავალნის მოწამვლა

ნავალნიზე გამოყენებული "ნოვიჩოკი" წინა ფორმებთან შედარებით უფრო რთული იყო – Spiegel

0 კომენტარი
ფოტო: NYT

ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომელიც რუსი ოპოზიციონერისა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოიყენეს, მის წინა ფორმებთან შედარებით "უფრო ძლიერი" იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გერმანული გაზეთი Der Spiegel გერმანიის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელის, ბრუნო ქალის სიტყვებზე დაყრდნობით. 

ბრუნო ქალმა საიდუმლო შეხვედრაზე დამსწრეებს აცნობა საწამლავის ძალის შესახებ. – გაზეთი მეტ დეტალს არ წერს.

გაზეთი წერს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან (OPCW) დელეგაცია შაბათ-კვირას ეწვია ბერლინის კლინიკას, სადაც ამჟამად ნავალნის მკურნალობენ. 

გუშინ, 10 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ Die Zeit-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს "ნოვიჩოკის" ახალი, მოდიფიცირებული სახეობით. მათი გეგმის მიხედვით ნავალნი თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო. 

10 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე.  7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა იგი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს შემდეგ ომსკის საავადმყოფოში კომაში იყო. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. იგი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერული აგენტით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" პროგრამის შესახებ და გამოიძიოს მომხდარი.

ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები