ირანი

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ირანში მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს

ირანელი მოჭიდავე, ნავიდ აფკარი.
BBC

ირანელი მოჭიდავე, ნავიდ აფკარი, 12 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედია.

27 წლის აფკარის სიკვდილით დასჯის ორი განაჩენი გამოუტანეს 2 წლის წინ ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ქალაქ შირაზში აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის გამო. არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი ციხიდან, რომელშიც აფკარი ამბობს, რომ აწამეს. ოჯახის წევრები და აქტივისტები აფკარის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იგი აწამეს, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

"აფკარი სიკვდილით დასაჯეს ამ დილით მას შემდეგ, რაც სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა მსხვერპლის მშობლებისა და ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით," - თქვა სამხრეთ ფარსის პროვინციაში იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა, კაზემ მოუსავიმ.  

აგვისტოს ბოლოს ირანის უზენაესმა სასამართლომ უარყო საქმის ხელახალი განხილვა. 

8 სექტემბერს გლობალურმა გაერთიანებამ, რომელიც 85 000 ათლეტს წარმოადგენს, განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ირანი აფკარს სიკვდილით დასჯის, ისინი ირანის მსოფლიო სპორტიდან გაგდებას მოითხოვენ. 

აფკარის განაჩენის გამო შეშფოთებას გამოხატავდნენ სოციალურ ქსელებში და ადამიანის უფლებადაცვით ჯგუფებში. 

4 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, შეცვალოს გადაწყვეტილება ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის საქმეზე: "მივმართავ ირანის ლიდერებს. დავაფასებ, თუ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს დაინდობთ და მას სიკვდილით არ დასჯით. გმადლობთ".

FoxNews-ის სტატიაზე დაყრდნობით, ტრამპი წერს, რომ პოპულარული მოჭიდავის მიერ ჩადენილი ერთადერთი ქმედება იყო მონაწილეობა ანტისამთავრობო გამოსვლებში, სადაც ხალხი გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ინფლაციას აპროტესტებდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულები არიან აფკარის ძმებიც ვაჰიდი და ჰაბიბი. მათ 54- და 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

სექტემბრის დასაწყისში ნავიდ აფკარის განაჩენს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსიც.

"ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს ირანის რეჟიმის მიერ ნავიდ აფკარისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის თაობაზე აღშფოთებაში. ის აწამეს და ცრუ აღიარება მიაცემინეს 2018 წლის მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. რეჟიმმა აწამა მისი ძმებიც და მათ ათეულობით წლით პატიმრობა მიუსაჯა. გაათავისუფლეთ ისინი!". - დაწერა მან.

2018 წელს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებსაც. 2019 წელს აქციები მოჰყვა საწვავზე ფასების ზრდას. გასულ კვირას Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აქციების შემდეგ ქვეყანაში 7 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანებიც.

კომენტარები