ეკონომიკა

თურნავა ინვესტიციების ათწლიან მინიმუმზე: პოზიტიური დინამიკისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკაში უკვე გაჩნდა პირველი დადებითი ნიშნები და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ დინამიკის გასაძლიერებლად.  

"ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის პირველი დადებითი ნიშნები, რაც გაჩნდა ჩვენს ეკონომიკაში მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გლობალური პანდემია მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, რომ ეს პირველი დადებითი ნიშნები გავაძლიეროთ. მათ შორის, თუნდაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა". – ამბობს თურნავა. 

როგორც ჩანს, ნათია თურნავა წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1,2 მილიონი დოლარით ზრდას გულისხმობს, თუმცა, სურათი რადიკალურად განსხვავებულია, თუ წლის პირველ ნახევარს ავიღებთ. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში  უცხოური ინვესტიციების რეკორდულად დაბალი მოცულობა შემოვიდა. 

მიმდინარე მაჩვენებელზე ნაკლები ინვესტიცია საქართველოში ბოლოს 2010 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა. 10 წლის წინ, წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 387 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი იგივე მაჩვენებელი 409 მილიონი დოლარია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ანტირეკორდი დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც, მაშინ ინვესტიციების მოცულობამ 165,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

სხვა პოზიტიურ მაჩვენებლებთან ერთად, თურნავამ, ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება გამოყო. 

"მათ შორის ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის ზრდა, რაც ივნისში-ივლისში შეინიშნება. მათ შორის, იმ საერთაშორისო სააგენტოების პოზიტიური შეფასება, რომლებიც ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას". –ამბობს თურნავა. 

როგორც ჩანს, მინისტრი ამჯერადაც ფრაგმენტულ აფასებს ვითარებას, რადგანაც თუ კი მთლიანად მიმდინარე წელს საქართველოს ექსპორტს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ კლება დაახლოებით 350 მილიონ დოლარს აღემატება. ხოლო ექსპორტის წილის ზრდა იმას უკავშირდება, რომ ექსპორტზე მეტად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო იმპორტი მცირდება. 

რაც შეეხება "ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებით შემცირებას", მართლაც აპრილთან და მაისთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია და ივლისის მონაცემებით, სულ 5,5%-ს გაუტოლდა. თუმცა, ჯამურად მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებით, 5,1%-ით არის შემცირებული. 

მთავრობის ვარაუდი, რომელიც განახლებულ ბიუჯეტში შევიდა მიმდინარე წელს ეკონომიკის 4%-იან კლებას ვარაუდობდა.

 

კომენტარები