Coda წერილი

რა სურს ჩინეთს საქართველოსგან და დაიწყო თუ არა ვირუსის მეორე ტალღა მსოფლიოში - Coda წერილი

0 კომენტარი

ავტორი სოფიკო ვასაძე

საფრანგეთში ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა. ქვეყნის 42 რეგიონი გამოცხადდა “წითელ ზონად”, მათ შორის, პარიზი, ლიონი და მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო.  

დაავადების საგრძნობლად მზარდი რიცხვებია ესპანეთსა და ჩეხეთშიც. ჩეხეთს მეზობელმა ქვეყნებმა შეზღუდვები დაუწესეს. ხვალიდან, გერმანიაში შესასვლელად, ტესტის პასუხი უნდა წარადგინოთ, თუ პრაღით მიდიხართ. 

ისრაელი ხუთშაბათიდან სრულად ჩაიკეტება სამი კვირით და იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც სრულად განაახლა საკარანტინო რეჟიმი. 

საქართველოში სრული საკარანტინო რეჟიმისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით.

ბევრ ქვეყანაში, საკარანტინო რეჟიმის შემოღება მოსახლეობაში აგრესიას იწვევს. 

  • ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ვიქტორიას შტატის მიერ გამოცხადებული საკარანტინო ზომების წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობის გამო, რომლის თანახმადაც ადამიანებმა არ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები უსაფუძვლოდ. 
  • ახალ ზელანდიაში პოლიციამ განსხვავებული მეთოდი არჩია. ქალაქ ოკლანდში საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეახსენეს, რომ ნიღბების ტარება აუცილებელია, მაგრამ აქცია არ დაშალეს. მიუხედავად, იმისა რომ ქვეყანა ვირუსს კარგად უმკლავდება, ახალ ზელანდიაში შეთქმულების თეორიები, ბოლო კვლევის თანახმად, ინტენსიურად ვრცელდება და ქვეყნის უმცირესობათა ჯგუფები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან დეზინფორმაციის მიმართ. ოკლანდში შეკრებილი ათასობით ახალი ზელანდიელი არამარტო საკარანტინო რეჟიმს აპროტესტებდა, არამედ 5G და ვაქცინაციასაც. ბევრი ირწმუნება, რომ ვირუსი არ არსებობს.

ჩვენ, Coda Story-ს ჟურნალისტები, ისეთ მოვლენებს ვაშუქებთ, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. დღეს გთავაზობთ თითქოს შორეული ჩინეთის ამბავს, რომელსაც აშკარა ინტერესები აქვს საქართველოში. 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წყვეტს ან ამცირებს თანამშრომლობას იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, HUAWEI-ის ტექნოლოგიებით სარგებლობენ.

ვაშინგტონმა კომპანია ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. კომპანია ერთ წელზე მეტია ამერიკის სანქციების ქვეშაა.

ამავე დროს ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, ბოლო ხანს განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება. მაგრამ რა გავლენა აქვს ჩინეთს ჩვენს ცხოვრებაზე?

საქართველოში, სადაც აქცენტი ძირითადად (და გასაგები მიზეზების გამო) რუსეთზეა, ჩინეთის გავლენაზე ძალიან ცოტა ვიცით. ამის გამოსწორებას ცდილობს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, ახალი კვლევა, რომელიც პირველი მცდელობაა, განსაზღვროს საქართველოში პეკინის რბილი ძალის პარამეტრები. 

“რუსეთის მსგავსად, ჩინეთიც ცდილობს სპეციფიკური ნარატივითა და  ქვეყნისთვის მორგებული, ადაპტირებული სცენარით დაიმკვიდროს თავი,” - მითხრა კვლევის თანაავტორმა, თინა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, ჩინეთი საქართველოში მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც სხვა ქვეყნებში: 

  • პირველ ეტაპზე, სახელმწიფოებში ჩინეთი შედის ინვესტირების დაპირებით.
  • მეორე ეტაპზე, ფორმდება მემორანდუმები, ყალიბდება ბიზნეს საბჭოები და სხვადასხვა ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, დღის წესრიგის შესანარჩუნებლად. 
  • მესამე ეტაპზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიზნეს პოლიტიკური ინსტიტუტები იზიარებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას და ექცევიან მისი გავლენის ქვეშ. 

კვლევის თანახმად, საქართველოში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრული  იდეოლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს პოზიციების გამყარებასა და გავლენების მოპოვებას. კვლევის ანალიზის შედეგად, იკვეთება, რომ საქართველო მეორე და მესამე ეტაპების საზღვარზეა. ბიზნეს სექტორში ჩადებულია ინვესტიციები, სხვადასხვა სექტორებში გაფორმებული მემორანდუმები. ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური მუშაობა დაწყებულია. კვლევაში იკვეთება სამი ძირითადი მიმართულება, სადაც ჩინეთი ცდილობს გავლენების მოპოვებას.  

  • აკადემიურ წრეებში: საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლის დაფინანსებაც ჩინეთიდან მოდის, ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და ინტერესის ზრდა. 
  • საინფორმაციო სივრცეში: სოციალურ მედიასა  და ტრადიციულ მედიაშიც პეკინი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსებს აქტიურ ინვესტირებას ახორციელებს ქართველ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩინეთში მოგზაურობის ხელშესაწყობად.
  • სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში: აქ მთავარი აქტორი, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, G5 და ჰუავეია, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. 

ჩინეთის აქტიურობის მიუხედავად, ბოლო დროს საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა ორმა ფაქტმა დაძაბა: 

  • ჩინურმა პლატფორმა Tiktok-მა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოების სტატუსი მიანიჭა.
  • ჩინეთი რუსეთს შეუერთდა ლუგარის ლაბორატორიაზე საინფორმაციო შეტევაში. 

საქართველოს მთავრობამ ორივე შემთხვევაში გამოხატა პროტესტი და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგზავნა წერილები, მაგრამ თინა ხიდაშელის თქმით, ჩინეთთან მიმართებით ქვეყანა მხოლოდ მდევრის პოზიციაშია. 

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კონკრეტულ შემთხვევაში იყო სწრაფი რეაგირება, ლუგარის შემთვევაში ბოდიში არავის მოუხდია. “

საქართველოს დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ.

ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ ადვილად გასაგებია: ჩვენ ჩინეთისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს BRI-ის (Belt and Road Initiative, რომელიც ყოფილი აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსიაა) გზაზე ვართ და პეკინის მთავარი მეტოქის, ამერიკის შეერთებულ შტატების, პარტნიორი ვართ რეგიონში.  

ხიდაშელის თქმით, “ლოიალური საქართველოს გარეშე, BRI-ის წარმატება  შეუძლებელია." ამავე დროს საქართველოს ხელისუფლების ერთ ნაწილს გულწრფელად ჰგონია, ჩინური კომპანიების წახალისებით, ახდენენ ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციას და ეს ერთგვარად რუსეთის მონოპოლიზაციის გამორიცხვის ინსტრუმენტია. 

ჩინეთი მართლაც მნიშვნელოვანი ინვესტორია, მაგრამ ამ ინვესტიციებში დიდ როლს თამაშობს - და ხანდახან სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან კონფლიქტს ქმნის - მთავრობის წარმომადგენლების პირადი ინტერესები ჩინურ ბიზნესში. 

"პრობლემა გაცილებით რთული და მძიმეა" - მითხრა ხიდაშელმა, “ხელისუფლების პირველი პირების პირდაპირი კორუფციული ინტერესები ჩინურ კაპიტალთან. " 

ამ თემაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დეტალებს შემდეგ წერილებში შემოგთავაზებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები