ლარის გაუფასურება

ბოლო 15 დღეში ლარი დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან 9 თეთრით გაუფასურდა

0 კომენტარი

ბოლო 15 დღეში ლარი დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან 9 თეთრით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

1 სექტემბერს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0714 ლარი იყო, ხოლო 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეს მაჩვენებელი - 3.1546 ლარია. რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსი 1 სექტემბერს 3.6614 ლარი იყო, დღეს კი, 1 ევრო 3.7521 ლარი ღირს. 

კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტის ღირებულება კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, მომხმარებელს მისი ყიდვა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ოფიციალური კურსია.

საქართველოს ეროვნული ვალუტა განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე გაუფასურდა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 16 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.1127 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8718 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 28 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 64 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, კრიზისის დაწყების შემდეგ კი - 250 მლნ დოლარი.

წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 80%-ით შემცირდება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მარტის შემდეგ ჩაკეტილ საზღვრებს ისევ არ ხსნის და მხოლოდ ხუთ ქვეყნის (გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის) მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. ამ ხუთი ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ სამ ავიაკომპანიას (Lufthansa - თბილისი-მიუნხენი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air France - თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air Baltic - თბილისი-რიგა-თბილისი, კვირაში ერთხელ) აქვს რეგულარული ფრენების შესრულების უფლება. ავიაციის სააგენტოს მორიგი ნოტამის მიხედვით, რეგულარული ფრენები კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ნოემბრამდე აიკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები