კორონავირუსი აჭარაში

ტიკარაძე: აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათში კიდევ 170 დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული. მისივე სიტყვებით, 48 საათის განმავლობაში რაოდენობას კიდევ 170 საწოლი დაემატება.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომლებშიც ასევე განთავსებული არიან სამედიცინო პერსონალი და განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფექცია არ მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შესაძლებელი არის ასევე პაციენტების გართულებული შემთხვევების მართვა, ისინი კვლავ მოთავსდებიან და დაბრუნდებიან სტაციონარში". – ამბობს ტიკარაძე.   

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა. მისივე თქმით, აჭარისა და ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება. 

დღეს, 16 სექტემბერს დადასტურებული 196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში აღირიცხა. ჯამში, აჭარაში კორონავირუსის 479 აქტიური შემთხვევაა. 321 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები