ტურიზმი

გახარია: 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისებს შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: გახარია

1-ელი ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა.

"ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად" - თქვა გახარიამ. 

პრემიერის განცხადებით, "ფრთხილად, მაგრამ გავაგრძელებთ საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე".

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). ასევე ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზის და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლოს, კიევის, დოჰის და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად გუშინ, 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

"ასევე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში" - თქვა თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები