ჰელსინკის აეროპორტი COVID 19-ით ინფიცირებულების ამოსაცნობად ძაღლებს გამოიყენებს

პროექტში ჩართული ერთ-ერთი ძაღლი.

ჰელსინკის აეროპორტში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ამოსაცნობად გაწვრთნილ ძაღლებს გამოიყენებენ.

საცდელი პროექტი უკვე დაიწყო და მასში, ჯერჯერობით, 16 ძაღლია ჩართული.

მსგავსი გადაწყვეტილება აეროპორტმა ჰელსინკის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის კვლევის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გაწვრთნილ ძაღლებს 100%-იანი სიზუსტით შეუძლიათ ამოიცნონ, არის თუ არა ადამიანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.

აეროპორტში მგზავრებსა და ძაღლებს პირდაპირი შეხება არ ექნებათ. ადამიანები ტესტის საშუალებით კანიდან ნიმუშს აიღებენ, რომელსაც შემდეგ ძაღლები დაყნოსავენ. კვლევის მიხედვით, მათ ახალი კორონავირუსის გამოსავლენად უფრო მცირე ნიმუშები სჭირდებათ, ვიდრე PCR ტესტებს.

"საცდელი პროექტი 22 სექტემბრიდან დაიწყება. ეს უნიკალური შემთხვევაა და მსოფლიოში პირველი". – თქვა აეროპორტის წარმომადგენელმა.

კომენტარები