აშშ-ჩინეთი

აშშ-ს სენატორები Netflix-ს: ჩინელი ავტორის წიგნის მიხდვით სერიალის გადაღების გეგმას გადახედეთ

სამთავრობო პოსტი ჩინურ სოციალურ ქსელში, სადაც ჩანან ბანაკში დატყვევებულები. ჩინეთი, სინძიანგის პროვინცია, ჰოთანის პრეფექტურა, ლოპი. 2017 წლის აპრილი.
სინძაინგის იუსტიციის ბიურო/WeChat/hrw

ხუთი რესპუბლიკელი სენატორი Netflix-ს დაჟინებით მოუწოდებს, რომ ხელახლა განიხილონ ჩინური სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნის ტრილოგიის სერიალის გადაღების გეგმები. სენატორები ამბობენ, რომ ავტორი ჩინეთის მთავრობის მიერ უიღური მუსლიმებისადმი მოპყრობას იცავს.

წიგნი "სამი სხეულის პრობლემა" და მისი ორი ნაწილი ჩინელმა ავტორმა, ლიუ ცისინმა დაწერა. Netflix-მა სექტემბერში დააანონსა, რომ წიგნების მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებს. ამ საქმეს Game of Thrones-ის შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენ უაისი ჩაუდგებიან სათავეში. ლიუ ცაისინი კი პროდიუსერი იქნება.

Netflix-ისადმი გაგზავნილ წერილში სენატორებმა 2019 წელს ლიუ ცაისინის სიტყვები მოიხმეს. 

"[ჩინეთის] მთავრობა მათ [სინძიანგის] ეკონომიკას ეხმარება და ცდილობს სიღარიბიდან ამოიყვანოს... თუ ქვეყანას ცოტათი მოადუნებ, შემაძრწუნებელი შედეგები იქნება".

სენატორები კომპანიას ეუბნებიან, რომ ლიუს წიგნების მიხედვით სერიალის გადაღებით ხდება ჩინეთის მთავრობის დანაშაულებათა ნორმალიზება. 

"[სინძიანგში] ასეთი სისასტიკის ფონზე აღარ არსებობს თვითკმაყოფილების კორპორაციული გადაწყვეტილებები, მხოლოდ თანამონაწილეობასთან გვაქვს საქმე".

აღსანიშნავია, რომ Netflix 190 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, თუმცა არა ჩინეთში. ჩინეთში ის დაბლოკილია.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა კანონმდებლებმა Walt Disney-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბობ ჩეფექს, დაჟინებით მოუწოდეს, ახსნან კომპანიის კავშირი ჩინეთის სინძიანგის რეგიონის "უსაფრთხოების და პროპაგანდის" მაღალჩინოსნებთან ფილმ "მულანის" გადაღების დროს.

ფილმის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ "მულანის" სცენების ნაწილი გადაღებულია ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში, სადაც ჩინეთის მთავრობას ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, უმცირესობის ჯგუფების სპეციალურ, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნაში. აქამდე ფილმს ბოიკოტს უკვე უცხადებდნენ, რადგან მულანის როლის შემსრულებელმა, ლიუ იფეიმ, გასულ წელს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების დროს დაიცვა ჰონგ-კონგის პოლიცია, რომელმაც არაერთხელ დაარბია აქციები და სოლიდარობა გამოუცხადა მას.

ამერიკელ კანონმდებლებს კომპანიასთან ასევე აქვთ კითხვები, ფილმის გადაღების დროს ხომ არ გამოიყენეს ადგილობრივი მუშახელი, უიღურები ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. მათ სურთ გაიგონ, ფილმის გადაღების დროს ამუშავეს თუ არა იძულებით იქ მყოფი პირები.

---------

 

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები