არჩევნები 2020

"ვიმსჯელებთ ჩვენ ამაზე" – სამადაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ენმ-ის კანდიდატის დაყენებაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიაში იმსჯელებენ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დაყენებაზე. მისივე თქმით, ამ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე "ფაქტიურად აკეთებს საკუთარ ფეხში გასროლას".

"ვიმსჯელებთ ჩვენ ამაზე, ძალიან დიდი განსხვავება არის ჩვენსა და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს შორის ის, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი რიგის ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა. გვჯერა, რომ ეს არის შესაძლებელი და ჩვენ ვართ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია შესასრულებელი ამ ქვეყანაში.

ეს მისია არის ამ არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, არც იმის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და, ბატონი ჯაფარიძისგან განსხვავებით, არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ, თუ რამე შეცდომა მოგვივიდა, ამ შეცდომას არ გადავხედოთ და, შესაბამისად, არ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება". – ასე უპასუხა სალომე სამადაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ენმ-ის მიერ კანდიდატის შესაძლო დაყენების შესახებ ჟურნალისტის კითხვას TV პირველის ეთერში.

სალომე სამადაშვილმა გირჩის ლიდერსა და დიდუბე-ჩუღურეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართა, რომ უპრიანი იქნება, თუ ის ბოდიშს მოიხდის თავის განცხადებაზე: "ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები.

"ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი". – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები