საფრანგეთი - ბელარუსი

მაკრონი: ბელარუსში ძალაუფლების კრიზისის მოწმენი ვართ, ლუკაშენკო უნდა წავიდეს

ემანუელ მაკრონი
Reuters

ფრანგულ გამოცემა le Journal Du Dimanche-სთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები უნდა მიიღოს და ძალაუფლებაზე უარი თქვას.

"ჩვენ ბელარუსში ძალაუფლების კრიზისის მოწმენი ვართ. ავტორიტარული ადმინისტრაცია ვერ ითავისებს დემოკრატიის ლოგიკას. .. ნათელია, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს".

შაბათს გაეროს ასამბლეაში ვიდეო მიმართვით საუბრისას ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ დასავლეთი ბელარუსში ქაოსისა და ანარქიის წახალისებაში დაადანაშაულა

"ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა გააკეთეს ცინიკური განცხადებები, თითქოს აწუხებთ ბელარუსის სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. სინამდვილეში ეს არაფერია, თუ არა მცდელობა ჩვენ ქვეყანაში შემოიტანონ ქაოსი და ანარქია". – თქვა ვლადიმირ მაკეიმ.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირი განიხილავენ არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ. სანქციები ბელარუსის მაღალჩინოსნებს უკვე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები