კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, მათი ასაკი 65 და 70 წელია

NYT

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი კაცია. ერთერთი გარდაცვლილი, 65 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. სამინისტროს ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. 

"პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე". – წერს ჯანდაცვის სამინისტრო. 

რაც შეეხება ბათუმში გარდაცვლილ მეორე ინფიცირებულს, 70 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 სექტემბერს ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას ჰქონდა ცხელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე". – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ჯამში ქვეყანაში ვირუსი ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები