კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 225 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 55 წლის ქალი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19-ის საქართველოში დადასტურებული 314 შემთხვევიდან, 225 აჭარაში აღირიცხა. 

ახალი კორონავირუსული ინფექციით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. სამინისტროს ცნობით, ის კლინიკაში 26 სექტემბრიდან მკურნალობდა და მისი დიაგნოზი ვირუსთან ერთად, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი იყო. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს, 01:30 საათზე". – წერია განცხადებაში. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, 28 სექტემბერს ამოქმედებული პროტოკოლის მიხედვით, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე 400-მდე პაციენტმა დატოვა. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით, 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ-სასტუმროდან და 100-მდე ინფიცირებული კლინიკებიდან. 

ამ დროისთვის აჭარის სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილია 24 პაციენტი. კოვიდ-კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 957 პაციენტი, მათ შორის 65 არასრულწლოვანი. 

ბინაზე მკურნალობას აგრძელებს 600-ზე მეტი ინფიცირებული პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 553 ადამიანს. 

სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვიდ-დადებითი პაციენტებისთვის კი გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის 10:40 საათის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ის 3 509 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები