დაპირისპირება მარნეულში

პირველი არხი: მარნეულში ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია ვიდეოკამერა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მათივე ცნობით, დამტვრეულია გადამღები ჯგუფის კამერა. 

მედიის ცნობით, შემთხვევა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს მოხდა. პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში დაპირისპირების დროს მთავარი არხის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორსაც დაესხნენ თავს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ერთერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი და მძიმე მდგომარეობაშია. 

29 სექტემბერს საღამოს მარნეულში ვითარება დაიძაბა, როდესაც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტებამ გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ამთ შორის ენმ-ს მხარდამჭერი და საარჩევნო კომისიის წევრი, ლაშა ქველიძე. ქველიძის თქმით, მათ თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. 

მარნეულში დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს. დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყა.

კომენტარები