კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 41-ე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 41-ე ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.   

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 82 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა. მათივე ცნობით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია და თანხმლები დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები