კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში დადასტურდა, 99 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში გამოვლინდა, 99 კი თბილისში. 

"აჭარაში გამოვლინდა 348 შემთხვევა, თბილისში - 99, იმერეთში - 59, სამეგრელო ზემო სვანეთში - 19, მცხეთა მთიანეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმში - 1, ქვემო სვანეთში - 1, გურიაში - 3, კახეთში - 3, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, სამცხე ჯავახეთში - 1". – თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 55-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 41 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 1-ის კი კრიტიკული. 

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა - 4.  სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები