ყირგიზეთი

ყირგიზეთის პრეზიდენტი მთავრობის კაბინეტის დამტკიცების შემდეგ გადადგომისთვის მზად არის

სოორონბაი ჟეენბეკოვმა
Reuters

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა პარასკევს, 9 ოქტომბერს, თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და სამთავრობო ცვლილებების დამკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება.

"მას შემდეგ, რაც ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლება დამტკიცდება და დავუბრუნდებით კანონიერების გზას, მზად ვარ, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დავტოვო" - თქვა ჟეენბეკოვმა.

მთავრობის კაბინეტის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, ვინ გაუძღვება დროებით მთავრობას. 

ორი ოპოზიციონერის, ომურბეკ ბაბანოვის და ტილეკ ტოკტოგაზიევის განცხადებით, ისინი მზად არიან თანამშრომლობისა და ერთად მუშაობისთვის. მათი გეგმის თანახმად, ბაბანოვი პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ტოკტოგაზიევი პრემიერმინისტრის მოადგილისა. მათ კანდიდატურებს ოთხი პარტია უჭერს მხარს.

პრემიერმინისტრობის კიდევ ერთი კანდიდატია სადირ ჟაპაროვი, რომელსაც ატა ჟურტის პარტია უჭერს მხარს. ყირგიზეთის პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ ამ პოსტზე ჟაპაროვის კანდიდატურას პარლამენტი ამტკიცებდა, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. პარლამენტის განცხადებიდან მალევე, იმ სასტუმროში რომელშიც პარლამენტი იყო შეკრებილი დემონსტრანტები შეიჭრნენ და ჟაპაროვი იძულებული გახდა, სასტუმროდან გაქცეულიყო.

ჯერჯერობით უცნობია დანარჩენი ოპოზიციური პარტიების პოზიციები.

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა.

6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი", რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერმინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

6 ოქტომბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყირგიზეთის მთავრობის შენობა.

უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი.

პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნება ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ ყირგიზეთის სამ ოლქში.

ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებდა.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის ერთობის პარტიამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები