კორონავირუსი საქართველოში

"თეორიულად ყველაფერი დასაშვებია" - გამყრელიძე კითხვაზე, გახდება თუ არა თბილისი წითელი ზონა

"თეორიულად ყველაფერი დასაშვებია". - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, უახლოეს დღეებში თბილისი ე.წ „წითელი ზონა“ გახდეს.

"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ გახდეს" - აღნიშნა გამყრელიძემ.

იქამდე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ თბილისში ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"იმედი მაქვს, ორშაბათს, მივიღებთ საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ეს ცნობილი, რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, როგორი, ან იქნება თუ არ იქნება". - ამბობს გამყრელიძე.

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან - 190 აჭარაში და 179 - თბილისში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე საშიში ვითარება სწორედ თბილისშია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები