კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: 222 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 137 – თბილისში, 99 – იმერეთში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 519 შემთხვევიდან 222 ბათუმში დადასტურდა, 137 თბილისში, 99 იმერეთში, 31 ქვემო ქართლში, 10 გურიაში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 7 შიდა ქართლში, 5 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში, 4 კი შემოტანილი შემთხვევაა. 

როგორც მარინა ენდელაძემ თქვა, მას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია სად გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ექვსიდან ორი პაციენტი. დანარჩენი ოთხი, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 074 შემთხვევაა აქტიური. კრიტიკულად მძიმეა 57 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 56 მართვით სუნთქვაზეა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების  რაოდენობამკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 

კომენტარები