აშშ-რუსეთი

პუტინმა ბაიდენზე საუბრისას დემოკრატების და კომუნისტების ღირებულებები დააკავშირა

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ფოტო: Handelsblatt

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენზე საუბრისას, დემოკრატების ღირებულებები კომუნისტურ იდეოლოგიას დაუკავშირა

"რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, რა შემიძლია ვთქვა? ჩვენ გვესმის საკმაოდ მკაცრი ანტირუსული რიტორიკაც. სამწუხაროდ, ჩვენ ამას შევეჩვიეთ. თუმცა, რაღაც საკითხებზე ყურადღების გამახვილება ღირს.

პირველი, დემოკრატიული პარტია, ტრადიციულად, ახლოსაა ე.წ. ლიბერალურ ღირებულებებთან, ახლოსაა სოციალ-დემოკრატიულ იდეებთან, თუ შევადარებთ ევროპას. და კომუნიზმი სწორედ სოციალ-დემოკრატიული გარემოდან განვითარდა. ბოლოს და ბოლოს, მე საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი 20 წლის განმავლობაში, ან უფრო სწორედ 18 წელს. მე ვიყავი რიგითი წევრი, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მე პარტიის იდეების მწამდა. მე კვლავ მომწონს ბევრი ასეთი მემარცხენე ფრთის ღირებულებები. თანასწორობა და ძმობა. რა არის ცუდი ამაში? სინამდვილეში, ისინი ქრისტიანული ღირებულებების მსგავსია."

მისივე თქმით, ამ იდეების იმპელემნტაცია რთულია, თუმცა ძალინ მიმზიდველია - "სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს შეიძლება დანახული იყოს იდეოლოგიურ საფუძვლად დემოკრატიული [პარტიის] წარმომადგენელთან კონტაქტების განვითარებისთვის".

ვლადიმირ პუტინმა ასევე გაიხსენა საბჭოთა კავშირის რიტორიკული მხარდაჭერა აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

პუტინმა თქვა, რომ შავკანიანი ამერიკელები "ქმნიან სტაბილურ ელექტორატს" დემოკრატების სასარგებლოდ. "საბჭოთა კავშირიც მხარს უჭერდა აფროამერიკელთა მოძრაობას მათი ლეგიტიმური უფლებების დასაცავად". - თქვა მან.

"ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტმა საერთაშორისო ლიდერებმა დაწერეს, რომ შავკანიან და თეთრკანიან მუშებს საერთო მტერი ჰყავდათ - იმპერიალიზმი და კაპიტალიზმი. მათ ასევე დაწერეს, რომ მომავალი რევოლუციური ბრძოლისთვის ამ ხალხს შეუძლია გახდეს ყველაზე ეფექტური ჯგუფი".

"ასე რომ, ეს არის რაღაც, რაც გარკვეულწილად, შეიძლება დანახული იყოს როგორც საერთო ღირებულებები, თუ არა გამაერთიანებელი ფაქტორი ჩვენთვის. მე არ მეშინია ამის თქმის. ეს სიმართლეა". - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, მისი თაობის ხალხს ახსოვს დრო, როდესაც საბჭოთა კავშირში ანჯელა დევისის, აშშ-ს კომუნისტური პარტიის წევრისა და აფროამერიკელთა უფლებების მგზნებარე მებრძოლის პორტრეტები ჩანდა. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენმა ღიად თქვა, რომ ის მზადაა, ახალი START გააგრძელოს ან ახალი შეტევითი შემცირების სტრატეგიულ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. "ეს ძალიან სერიოზული ელემენტია ჩვენი პოტენციური, მომავალი თანამშრომლობისთვის," - თქვა პუტინმა. საუბარია, ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე, რომლის ვადაც მომავალ წელს იწურება, დონალდ ტრამპს კი სურს, რომ შეიარაღების კონტროლის ახალი შეთანხმება რუსეთთან ერთად ჩინეთსაც მოიცავდეს.

ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი იმუშავებს აშშ-ს ნებისმიერ მომავალ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი აირჩევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები