არჩევნები 2020

ხაზარაძე: ოცნება ისევ უარს ამბობს დებატებზე და მოსახლეობას ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება

მამუკა ხაზარაძე
ლელო

ლელოს ლიდერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება კვლავ უარს ამბობს დებატებზე და მოსახლეობას ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება. 

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლელოს თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. 

"არჩევნებამდე უკვე ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. ქართული ოცნების ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობითა და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ლელოს ლიდერის თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციურ ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. მამუკა ხაზარაძეს მაგალითად მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსი მოჰყავს, სადაც მისი თქმით, საქართველო 10 პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. 

"ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ". – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ლელოს ლიდერის შეფასებით, საქართველოს სჭირდება საქართველოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა, სასამართლო, რომელიც დაცული იქნება პოლიტიკური და კლანური გავლენისგან და სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა. 

"ლელოს გუნდი ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს, რადგან ლელოს აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია, ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ბრძოლის შედეგად, არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას, ხოლო 30-ისა კი მაჟორიტარული პრინციპით არჩევას გულისხმობს. 

კომენტარები