ტურიზმი

გახარია: ნოემბრიდან პირდაპირი ფრენები ეტაპობრივად დაემატება თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ნოემბრიდან "ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად", დაინიშნება ევროპისკენ პირდაპირი რეისები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს დამატებითი რეგულარული ფრენები დაინიშნება უკვე არსებულ რეისებზე - მიუნხენისა და პარიზის მიმართულებით.

"ეს, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების საშუალებას, ასევე, ეკონომიკაში შემოიტანს დამატებით ჟანგბადს, ასევე, დაგვეხმარება დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანაში. ამასთან ერთად, შემდგომ, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირდაპირი რეისები ევროპის მიმართულებით გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება". - თქვა გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციითვე, ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის წარდგენის შემთხვევაში კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ და თვითიზოლაციაში გადავლენ.

აგვისტოს შემდეგ, საქართველოს პირდაპირი რეგულარული ფრენები მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის და რიგის მიმართულებით აქვს დანიშნული. გერმანიამ 7 ოქტომბრიდან საქართველო რისკზონად გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუშვებს. ლატვიამ და ლიტვამ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება დაუწესეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მას საზღვრები გახსნილი აქვს, თუმცა პარიზსა და კიდევ რვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს.

კომენტარები