კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 342 ახალი შემთხვევა და სამი გარდაცვლილი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული ახალი კორონავირუსის 887 შემთხვევიდან 346 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. გასულ დღეებთან შედარებით მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევებმა ისევ მოიმატა. გამოჯანმრთელდა 169 ადამიანი. 

გარდაიცვალა კიდევ სამი ინფიცირებული. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათგან ერთს, 63 წლის კაცს რესპირაციული დისტრესსინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და შოკი ჰქონდა. 55 წლის ქალს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი პნევმონია, ჰიპერტონული დაავადება და თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.

მესამე ინფიცირებული 41 წლის ქალი კი სასტუმროში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ქალი უსიმპტომო იყო. 

სულ ბათუმში ახალი კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის ჯამში აჭარაში 2 600-მდე ინფიცირებულია. Covid-კლინიკებში 567 პაციენტი მკურნალობს, მათგან 15 არასრულწლოვანი და 26 ორსული, რეანიმაციაში 55 ინფიცირებულია მოთავსებული, Covid-სასტუმროებში 822 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 76 არასრულწლოვანია, ბინაზე მკურნალობას კი 1 200-მდე ადამიანი აგრძელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეანიმაციებში თავისუფალი 46 საწოლია. 

ინფიცირების გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსული ინფექციისგან აჭარაში 4 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

გუშინ, 15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ აჭარაში ეპიდემიური მდგომარეობა "მეტნაკლებად დასტაბილურდა", რის გამოც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტში აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, დარჩა სხვა შეზღუდვები. 

ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც.  აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისსა და იმერეთში კი რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები