კორონავირუსი საქართველოში

როგორია ევროპული საქართველოს COVID-19-ის მართვის გეგმა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ევროპულმა საქართველომ კორონავირუსის მართვის სტრატეგია - დაუყოვნებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა წარმოადგინა.  

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პირველი ნაბიჯი ცხელი ხაზისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს.

"საზოგადოებაში ჩვენ ვხედავთ ძალიან მომატებულ შფოთვას. როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან, კორონავირუსი სჭირთ თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია. იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, მშვიდად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეგულაცია, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი.

112, ცხელი ხაზი, უნდა მუშაობდეს გამართულად, გვპასუხობდნენ სწრაფად. ამავდროულად, გვპასუხობდნენ ოჯახის ექიმები. თუკი, ეს ვირუსი უმეტეს ნაწილში უნდა იმართოს ბინაზე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დაუყოვნებლივ, რეგულარულად მიიღონ ოჯახის ექიმის კონსულტაცია". – ამბობს ჭიაბერაშვილი. 

მისივე თქმით, პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს, რათა ვირუსის გადაცემის სიხშირე შეჩერდეს. ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს მთავარი ამოცანა რისკჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა უნდა იყოს. 

"დღეს არ აქვს ყველა ოჯახს საშუალება, რომ მათ ოჯახში მყოფი მოხუცი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სრულფასოვან თვითიზოლაციაში იყოს. ოჯახებმა, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურად უნდა გააკეთონ. თუ ოჯახი და მისი რისკის ჯგუფში მყოფი წევრი ნებაყოფლობით განაცხადებს ამის სურვილს, აუცილებელია, რომ ეს ადამიანები განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში. 

საკარანტინო სივრცეები უნდა გამოვიყენოთ არა ინფიცირებული ადამიანების ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რიკჯგუფების ადამიანები უნდა იყვნენ სათანადოდ იზოლირებული. სამაგიეროდ, ეკონომიკა არ უნდა გავაჩეროთ იმ ნაწილში, სადაც არარისკჯგუფის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, გააგრძელონ ჩვეულებრივი ფუნქციონირება." - ამბობს ჭიაბერაშვილი.  

19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში Covid 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 3.7-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მეზობელ ქვეყნებს შორის.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 158 და გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი. ქვეყანაში Covid 19-ის 11 033 აქტიური შემთხვევაა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები