საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, 20 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 66 050 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750%-ით, მაქსიმალური 8.850%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.775%-ით განისაზღვრა.
კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ მოხდება, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250%-ს შეადგენს.
სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია, რომლის გაყიდვითაც სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.