საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის არის.
კოვიდპანდემიის პირობებში, ასაკისა და საჯაროდ ცნობილი თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სანდო ფიგურა, ინფექციის რისკჯგუფს წარმოადგენს.
კათალიკოზი ილია პანდემიის პერიოდში სისტემატურად აღასრულებს წირვა-ლოცვას და საერთო ბარძიმიდან ეზიარება, თუმცა საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზიარების დროს დაინფიცირება შეუძლებელია.
ამ არასამეცნიერო პოზიციის მიუხედავად, თავად საპატრიარქოც არ მიიჩნევს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს მიღმა ვირუსისგან ადამიანი ტაძარში დაცულია, ამიტომ, ის მრევლს პირბადის ტარებისა და დისტანციისკენ მოუწოდებს.
პირბადეს ატარებენ პირველიერარქის სტიქაროსნებიც.
მიუხედავად ამისა, წირვა-ლოცვისა თუ შეხვედრებისას გადაღებულ მრავალრიცხოვან მულტიმედია მასალაში ჩანს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თანმხლები თუ თანამწირველი მღვდელმთავრები, მღვდლები და დიაკვნები პირბადეს საერთოდ არ ატარებენ, სტიქაროსნებისა თუ დაცვის წევრების ნაწილს ის არასწორად ან საერთოდ არ უკეთია და სტუმრების დიდ ნაწილიც საპატრიარქოში პირბადის გარეშე მიდის.
პირბადე დროებით ეკეთა სვეტიცხოვლობას, ამბიონზე მდგარ პრემიერმინისტრ გახარიასაც, თუმცა, ასაკოვანი პატრიარქის სიახლოვეს, სიტყვის გამოსვლისას მანაც მოიხსნა.
პატრიარქის სიახლოვეს პირბადეს არ ატარებენ არც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.
კადრებიდან ასევე ჩანს, რომ სასულიერო პირები კათოლიკოს-პატრიარქთან ახლო კონტაქტში შედიან, ემთხვევიან ხელსა და მხარზე.
ტაბულამ კითხვებით საქართველოს საპატრიარქოს მიმართა.
პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ ჩვენ მიერ დასმულ პრობლემას "არ დაკვირვებია" და "ვერ გვეტყვის:
ტაბულა: ხშირად პატრიარქის გვერდით მდგომ მღვდელმთავრებს, მღვდლებსა თუ დიაკვნებს არ უკეთიათ პირბადე, ხომ არ შეიცავს ეს საფრთხეს მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან პატრიარქი მაღალ რისკჯგუფს წარმოადგეს ?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვერ გეტყვით, არ დავკვირვებივარ ეს როგორ არის, მსახურების დროს ხშირად ძალიან უხერხულია პირბადის ტარება მუდმივად.
ტაბულა: თუ გადიან მღვდელმთავრები ტესტირებას, რა მექანიზმით უზრუნველყოფთ დაცულობას?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინდივიდუალურად, ალბათ, ვერ გეტყვით.
რასაც არ დაკვირვებია დეკანოზი ჯაღმაიძე, დააკვირდა ტაბულა, იხ. პანდემიის შემდგომ გადაღებული ფოტოები: