კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსით დღეს 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს, 21 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთი 30 წლამდე მამაკაცი იყო. 

გამყრელიძეს სიკვდილის მიზეზებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს. 

"მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი, რადგან სიკვდილიანობის მიზეზთა დადგენა ხდება კლინიცისტების მიერ, ჩვენ ინფორმაციას ვიძლევით მხოლოდ სტატისტიკური კუთხით". – თქვა გამყრელიძემ. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები