სპეცოპერაცია ზუგდიდში

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, საიდან და რამდენი მისცეს ყაჩაღს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, თუ საიდან და რამდენი თანხა მისცეს ყაჩაღს, რომელიც გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.

შეიარაღაებული თავდამსხმელი $500 000-ს მოითხოვდა. ასევე, მისი მოთხოვნა იყო, ადგილი ვერტმფრენით დაეტოვებინა, ან მანქანით მძევლებთან ერთად. ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლებმა თანხა გადასცეს, თუმცა რა რაოდენობით და საიდან გამოიყო ეს თანხა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.  

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები