ტერორიზმი

მაკრონი თავმოკვეთილ მასწავლებელზე: ჩუმი გმირი მოკლეს, რადგან რესპუბლიკას განასახიერებდა

0 კომენტარი

21 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პატივი მიაგო ისლამისტი ტერორისტის მიერ თავმოკვეთილ ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის. მაკრონის თქმით, პატი ჩუმი გმირია, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის დემოკრატიულ ღირებულებებს განასახიერებდა. 

47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. ის პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა.

სამუელ პატის კუბოზე საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი იდო. 

"ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ. სამუელ პატი პარასკევს გახდა რესპუბლიკის სახე, ჩვენი სურვილის, არ მივცეთ ტერორისტებს ნება... და რომ ჩვენს ქვეყანაში ვიცხოვროთ, როგორც თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებამ". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

საფრანგეთის ანტიტერორიზმის პროკურორის, თქმით, ანზოროვმა მოსწავლეებს ფული გადაუხადა, 300-350 ევრო , რათა მისი მსხვერპლის იდენტიფიცირება მოეხდინა. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ პატისგან ბოდიშის მოსმენა სურდა, თუმცა მისი "დამცირება და მისთვის დარტყმაც" უნდოდა. ანზოროვმა მხოლოდ თავის სამიზნის სახელი და მისი სამუშაო ადგილის, სკოლის დასახელება იცოდა, რაც მან მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთმა მშობელმა პატის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო. პროკურორმა ასევე დაადასტურა, რომ ანზოროვი ამ მშობელს დაუკავშირდა. მშობელი უკვე დაკავებულია. ორი მოსწავლე, 14 და 15 წლის პირები, იმ შვიდ დაკავებულს შორის არიან, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში ან მკვლელობაში სავარაუდო თანამონაწილეობისთვის დააკავეს.

მომხდარიდან მალევე ანზოროვის ტელეფონში ნახეს მისივე Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული მასწავლებლის გვამის ფოტო და მესიჯი, რითაც ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა: "ყველაზე მოწყალე ალაჰის სახელით... [პრეზიდენტ ემანუელ] მაკრონს, ურწმუნოთა ლიდერს, მე მოვკალი ერთ-ერთი დემონი, რომელმაც გაბედა და მუჰამედი დაამცირა".

მასწავლებლის მიზანში ამოღება საფრანგეთის მრავალმა საჯარო პირმა შეაფასა, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის არსზე, მის ღირებულებებზე, სეკულარიზმზე, რწმენის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

19 ოქტომბერს პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. აქციის მონაწილეებმა სამუელ პატის ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და საფრანგეთის ჰიმნით. აქციაზე ჩანდა პლაკატები სლოგანით - "მე ვარ მასწავლებელი". აქციები გაიმართა ლიონში, ტულუზაში, სტრასბურგში, ნანტში, მარსელსა და ბორდოში.

აღსანიშნავია, რომ პროკურორის განცხადებით, 18 წლის პირი პარიზში ცხოვრობდა და აქამდე სადაზვერვო სამსახურისთვის მისი ვინაობა ცნობილი არ იყო. თავდამსხმელის ოთხი ახლო ნათესავი დაკავებულია. დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მამა და, ასევე, მოსწავლის მამის ნაცნობი, რომლის ვინაობაც სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილია.

შეგეახსენებთ, რომ საფრანგეთი ემზადება მთავრობის მეთვალყურეობის სიაში მყოფი 231 უცხოელის გასაძევებლად, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ექსტრემისტული რელიგიური რწმენის ქონაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები