ბელარუსი

ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციას სახაროვის ჯილდო გადასცა

ვერონიკა ცეპკალო, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა.
BelarusFeed

2020 წელს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას ანდრეი სახაროვის ჯილდო გადასცა. 

"პატივია ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ქალების და კაცების 2020 წლის სახაროვის პრიზის ლაურეატებად დასახელება" - წერს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი

მისივე თქმით, ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ რაღაც ისეთი, რასაც სასტიკი ძალა ვერასდროს დაამარცხებს - სიმართლე: "ხელი არ აიღოთ თქვენს ბრძოლაზე. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ". 

ევროპის პარლამენტმა ჯილდოს დაანონსებისას 10 პირი დაასახელა, რომელთა შორისაც არიან: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ნობელიატი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი, მუსიკოსი და პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა

ანდრეი სახაროვი საბჭოთა კავშირის დისიდენტი, ადამიანის უფლებების აქტივისტი და ფიზიკოსი იყო. სტრასბურგში ევროპარლამენტი მისი სახელობის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს ადამიანებს, რომლებსაც ადამიანის უფლებებისა და აზროვნების თავისუფლების დაცვას თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები