სპეცოპერაცია ზუგდიდში

ოკუპირებული აფხაზეთი: კრიმინალს, რომელმაც ბანკი დააყაჩაღა, საზღვარი არ გადმოუკვეთავს

მთავარი არხი

"კრიმინალს, რომელმაც ზუგდიდში ბანკი დააყაჩაღა, აფხაზეთის საზღვარი არ გადმოუკვეთავს". - უთხრა ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა აფხაზურ მედიას. 

ცოტა ხნით ადრე კი, ლატიპოვმა აფხაზურ მედიას უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რუსეთთან ერთად, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი, რომელიც გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდის ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლას გეგმავდეს, თუმცა მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე, უცნობია. 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია, ასევე, ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა  მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

კომენტარები