სპეცოპერაცია ზუგდიდში

"ვინმე თუ დაშავდება, იქნება თქვენი ბრალი". — გალდავასა და ყაჩაღის დიალოგის ჩანაწერი

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

ტელეკომპანია მთავარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ  გალდავასა და ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ყაჩაღის დიალოგის ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

ჩანაწერში ისმის, რომ გალდავა ყაჩაღს სთხოვს, თან 4-ის ნაცვლად 3 მძევალი წაიყვანოს, დანარჩენი კი გაუშვას, რაზეც ყაჩაღი ეუბნება, "არა, რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი". 

დიალოგში ასევე ისმის, როგორ ეუბნება ყაჩაღი, რომ, თუკი ვინმე დაშავდება, მათი ბრალი იქნება.  

"არავინ არ დაშავდება აქ და თუ დაშავდება ვინმე, იქნება თქვენი ბრალი". 

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა. 

მედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ყაჩაღის მიერ მოთხოვნილი თანხა საქართველოს ბანკმა გადაიხადა და "არავითარი თანხა არაა სიცოცხლის საფასური".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები