აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპის და ბაიდენის ბოლო დებატების მთავარი თემები: პანდემია, რასიზმი და კორუფცია

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ფოტო: AP

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაიმართა დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ბოლო დებატები. შეიცვალა წესები. კანდიდატებს სიტყვის დასრულების შემდეგ მიკროფონს ურთავდნენ, რათა ერთმანეთისთვის სიტყვა არ გაეწყვეტინებინათ. პირველი დებატებისგან განსხვავებით, როდესაც ტრამპმა ბაიდენს ლაპარაკი 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა, 22 ოქტომბერს გამართული დისკუსია უფრო ცივილიზებულად წარიმართა.

კამათის ერთ-ერთ მთავარ საგანს კვლავ კორონავირუსის პანდემია წარმოადგენდა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ გამორიცხავს ქვეყანაში კარანტინის ზომების გამკაცრებას, ტრამპმა კი განაცხადა, რომ დროა ქვეყანა გაიხსნას.

"ეს უზარმაზარი ქვეყანაა უზარმაზარი ეკონომიკით. ხალხი სამსახურებს კარგავს, თავს იკლავენ, გვაქვს არნახული დონის დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება". - თქვა ტრამპმა. მან ბაიდენს უთხრა, რომ ყველას არა აქვს სარდაფში დამალვის ფუფუნება , მათ შორის არც პრეზიდენტს.

"ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას". - თქვა ტრამპმა.

"კარგი რა, ჩვენ ვიხოცებით ვირუსისგან". - უპასუხა ბაიდენმა.

ტრამპის ოპტიმისტური განცხადების პასუხად, რომ ვირუსი ნელ-ნელა ქრება და ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად, ბაიდენმა თქვა, რომ ქვეყანას წინ ელის ბნელი ზამთარი.

გარდა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკისა, ბაიდენმა ტრამპი რასიზმში ისევ დაადანაშაულა.

"ის ერთ-ერთი ყველაზე რასისტი პრეზიდენტია, ვინც კი გვყოლია თანამედროვე ისტორიაში. ის ნავთს ასხამს ყველა რასისტულ ცეცხლზე". - თქვა მან.

"ამ ოთახში მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი ვარ". - უპასუხა ტრამპმა.

როდესაც ბაიდენმა ლაპარაკი დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმაზე, ტრამპმა მას მიმართა:

"ამ პოლიტიკოსებისთვის მთავარი მხოლოდ ლაპარაკია და არავითარი მოქმედება. რატომ არ გააკეთეთ ეს აქამდე? 8 წელი გქონდათ ამისთვის".

ტრამპმა კიდევ ერთხელ წამოსწია ბაიდენის შვილის, ჰანტერის თემა და მისი ბიზნესკავშირები ჩინეთთან. ბაიდენმა თქვა, რომ არც ერთი ქვეყნისგან ფული არ აუღია, ტრამპს კი მიუთითა New York Times-ის მიერ გასულ დღეებში გამოქვეყნებულ მასალაზე, სადაც ნათქვამია, რომ თავად ტრამპს ჩინეთში ბანკის ანგარიში აქვს და 2013-2015 წლებში გადასახადების სახით ჩინეთს 188,561 დოლარი გადაუხადა, 2016-2017 წლებში აშშ-ს კი 750 დოლარი.

ტრამპმა თქვა, რომ მას ბევრი ანგარიში აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან ბიზნესმენი იყო და საქმეს აკეთებდა.

კანდიდატებმა იკამათეს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორის თაობაზეც. ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს სურს, ნავთობის ინდუსტრია დახუროს.

"დიახ, მე დავიწყებ ნავთობიდან გადასვლას, იმიტომ, რომ ნავთობის ინდუსტრია სერიოზულ დაბინძურებას იწვევს". - თქვა ბაიდენმა. მას მიაჩნია, რომ ნავთობი და სხვა წიაღისეული დროთა განმავლობაში ენერგიის განახლებადი წყაროებით უნდა ჩანაცვლდეს და გამონაბოლქვის რაოდენობა 0-ს გაუტოლდეს. მოგვიანებით ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ნავთობის ინდუსტრიის სუბსიდირების დასრულებას გულისხმობდა.

"ტრამპს მიაჩნია, რომ ქარის ტურბინები კიბოს იწვევს". - თქვა ბაიდენმა.

"მე შენზე მეტი ვიცი ქარზე. ეს ძალიან ძვირი ჯდება და ფრინველებს ხოცავს". - ასეთი იყო ტრამპის პასუხი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის შესახებ. მან იმ შტატების წარმომადგენლებს მიმართა, სადაც ნავთობისა და ქვანახშირის მსხვილი საბადოებია:

"რასაც [ბაიდენი] ამბობს, ნიშნავს ნავთობის ინდუსტრიის განადგურებას. დაიმახსოვრებთ ამას ტეხასში, პენსილვანიაში, ოკლაჰომასა და ოჰაიოში?"

წინასწარი პროგნოზირებით სწორედ ამ შტატებში გამარჯვება იქნება გადამწყვეტი 2020 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში.

ბოლო გამოკითხვებით ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი ხმათა 51%-ს აიღებს, ტრამპი კი 43%-ს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში კანდიდატების რეიტინგი მეტისმეტად ახლოსაა იმისათვის, რომ პროგნოზი გაკეთდეს.

ასეთი შტატებია არიზონა, აიოვა, ფლორიდა, ჯორჯია, მიჩიგანი, მინესოტა, ნევადა, ნიუ-ჰემფშირი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, პენსილვანია, ტეხასი, ვირჯინია და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით ტრამპი ლიდერობს ტეხასსა და ოჰაიოში, დანარჩენ შტატებში კი მას ბაიდენი რამდენიმე ქულით უსწრებს.

ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატების შესახებ შეგიძლიათ წაიკითოთ აქ.

იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს პირველი დებატების შემდეგ ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა, მეორე შეხვედრის ჩატარება ონლაინ იგეგმებოდა, რაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა და დებატების სანაცვლოდ ორივე კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ერთმანეთის პარალელურად გამართეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები