აშშ-ს არჩევნები 2020

Covid-19, უზენაესი სასამართლო, რასიზმი, შეურაცხყოფა - ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატები

აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიიდან მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. დებატები 6, 15-წუთიან ნაწილებად იყო დაყოფილი და შემდეგ თემებს შეეხებოდა: კორონავირუსის პანდემია, უზენაესი სასამართლო, წინასაარჩევნო მარათონი, სამართლიანი არჩევნები, ეკონომიკა და კანდიდატების ისტორია.

კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას, ბაიდენმა ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა.

"ის პანიკაში ჩავარდა და საფონდო ბირჟას უყურებდა. ბევრი დაიღუპა და კიდევ ბევრი დაიღუპება, თუ ის ძალიან ჭკვიანი არ გახდება, ძალიან სწრაფად". – თქვა ბაიდენმა. მისი თქმით, პრეზიდენტი იცდიდა და არ უმოქმედია, როდესაც ვირუსმა ამერიკას მიაღწია და ახლაც კი არ აქვს გეგმა. "გამოდი შენი ბუნჯერიდან და გოლფის ქვიშის მახიდან. წადი შენი გოლფის მანქანით ოვალურ ოფისში და ორპარტიული გეგმა შეიმუშავე ხალხის გადასარჩენად". – მიმართა მან ტრამპს.

"შენ უნივერსიტეტი ყველაზე დაბალი ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულებით დაამთავრე. არასდროს გამოიყენო სიტყვა ჭკვიანი ჩემთან. აღარასდროს გამოიყენო ეს სიტყვა". – მიუგო მას ტრამპმა.

დებატები ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში ტარდებოდა, სადაც ადგილობრივი წესებით დამსწრეები ვალდებულები იყვნენ პირბადე ეტარებინათ, თუმცა ტრამპის ოჯახის წევრებიდან სახე დაფარული მხოლოდ პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჰქონდა.

ტრამპმა და ბაიდენმა ჯანდაცვის საკითხზეც იკამათეს. ტრამპმა ბაიდენს უთხრა, რომ მის პარტიაში მყოფი სოციალისტების წინაშე არის ანგარიშვალდებული:

"ისინი შენზე დომინაციას მოახდენენ ჯო, და შენ ეს იცი". – უთხრა ტრამპმა, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ახლა ის არის დემოკრატიული პარტია და ყველამ იცის, რომ ტრამპი ცრუობს.

"ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც მან აქამდე თქვა, ტყუილია. მე აქ მისი ტყუილების გამოსააშკარავებლად არ ვარ. ყველამ იცის, რომ ის მატყუარაა". – თქვა მან.

"შენ სიტყვა "სამართალდამცავების" წარმოთქმაც კი არ შეგიძლია, იმიტომ, რომ თუ ამას იზამ, რადიკალ მემარცხენე მხარდამჭერებს დაკარგავ". – უთხრა ტრამპმა ბაიდენს.

დებატების ერთ-ერთ მთავარ საგანს აშშ-ს უზენაეს სასამართლოში ახლახანს გათავისუფლებული ადგილის შევსება წარმოადგენდა. რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა ამ პოსტზე ემი კონი ბერეტი წარადგინა და მას სენატი, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, სავარაუდოდ, არჩევნებამდე დაამტკიცებს. თუმცა, 2016 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სენატმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილის შევსებაზე უარი უთხრა. ამან დემოკრატიულ პარტიაში აღშფოთება გამოიწვია და ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სასამართლოში, სადაც ემი კონი ბერეტის დამტკიცების შემთხვევაში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება, ადგილები დამატებას განიხილავდნენ.

ტრამპმა ბაიდენს ჰკითხა, გააკეთებს თუ არა ამას და ასევე, მოსთხოვა დაესახელებინა უზენაეს სასამართლოში მისი რჩეული კანდიდატები.

ბაიდენტმა ტრამპი რასიზმში დაადანაშაულა:

"ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს სასტვენივით იყენებს, რათა რასისტული სიძულვილი და დაყოფა გამოიწვიოს".

პასუხად ტრამპმა თქვა, რომ 1994 წელს კრიმინალთან დაკავშირებული კანონის მიღებისას ბაიდენმა აფრო-ამერიკელებს "სუპერ მტაცებლები" უწოდა, რაც ბაიდენმა უარყო.

დებატების მიმდინარეობისას მოდერატორმა პრეზიდენტს ჰკითხა, მზად იყო თუ არა დაეგმო ნეონაცისტები და ისინი, ვისაც თეთრკანიანთა უპირატესობის სჯერათ. თავდაპირველად ტრამპმა ზოგადად დაგმო მსგავსი მოძრაობები, თუმცა, როდესაც კონკრეტულ ულტრამემარჯვენე ჯგუფზე, "ამაყ ბიჭებზე" ჰკითხეს, მან თავი შეიკავა.

"უკან დაიხიეთ და გვერდზე გადექით, მაგრამ იცით რას გეტყვით? ვიღაცამ რამე უნდა გააკეთოს ანტიფას და მემარცხენეების საკითხზე. ეს მემარჯვენეების პრობლემა არაა, ეს მემარცხენეების პრობლემაა.". – მიმართა მათ ტრამპმა.

დებატებზე ტრამპს და ბაიდენს ერთმანეთის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაუშურებიათ. ბაიდენმა პრეზიდენტს "კლოუნი" და "პუტინის ლეკვი" უწოდა და ერთ-ერთ მომენტში კი ტრამპს უთხრა, რომ "მოეკეტა". ტრამპმა ბაიდენს სიტყვა 70-ზე მეტჯერ გააწყვეტინა. "შენ არაფერი ჭკვიანური არ გცხია. 47 წელია, არაფერი გაგიკეთებია". – უთხრა ტრამპმა ბაიდენს ერთ-ერთ მომენტში.

კანდიდატებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ოჯახებზე საუბრის დროს. ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა ანონიმურ წყაროზე, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა სამხედრო ძალების წევრებს "წაგებულები" უწოდა. პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

ბაიდენმა საკუთარ შვილზე, ბიუზე ისაუბრა, რომელიც ერაყში მსახურობდა. "ის წაგებული არ იყო, ის პატრიოტი იყო!" – თქვა მან.

"მართლა? ჰანტერზე საუბრობ?" – ჰკითხა ტრამპმა ბაიდენს მის მეორე შვილზე.

"ჩემს შვილზე, ბიუ ბაიდენზე ვსაუბრობ!" – უპასუხა ბაიდენმა.

"ბიუ, არ ვიცი. მე ვიცი ჰანტერი. ჰანტერი სამხედრო ძალებიდან გამოაგდეს. ის გამოაგდეს იმიტომ, რომ კოკაინს მოიხმარდა. და მას არ ჰქონდა სამსახური, სანამ შენ ვიცეპრეზიდენტი არ გახდი. და როდესაც ვიცეპრეზიდენტი გახდი, მან ქონება იშოვა უკრაინაში, ჩინეთში, მოსკოვში და სხვა ადგილებში. მან ქონება იშოვა და სამსახური არ ჰქონია". – უთხრა ტრამპმა ბაიდენს.

"ჩემს შვილს, როგორც ბევრ სხვას, როგორც ბევრ ადამიანს, რომელსაც შენ იცნობ, ნარკოტიკების პრობლემა ჰქონდა. მან ის დაძლია, გამოასწორა, ამაზე იმუშავა და მისით ვამაყობ". – უპასუხა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტი სწორედ უკრაინაზე ზეწოლას უკავშირდება, რათა მათ ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერის საქმე გამოეძიებინათ. ვრცლად, წაიკითხეთ აქ.

გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი ტრამპს მცირე სხვაობით უსწრებს.

კომენტარები