ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე მედიცინის სტუდენტების ჩართვაზე: მე-4 კურსელები მიჰყავდათ II მსოფლიო ომში

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

"მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი თავის დროზე, ომში მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი უკვე გავლილი ჰქონდათ". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე COVID-ის მართვაში სამედიცინო მიმართულების სტუდენტების ჩართულობაზე.

გამყრელიძის ცნობით, ეს რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაც გაიცა და გადაწყდა, რომ მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს სამედიცინო ქსელი. ამაში მოიაზრება, როგორც გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან და სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, მე-6 კურსელების, ჩართვა.

"პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, გამიგეთ, ამიტომ, როცა საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის სტუდენტების". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროებისას ისინი ვირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები