ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: COVID 19-ით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ ტაბულას თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძე უთხრა.

ტაბულასთან საუბარში ტურძელაძე განმარტავს, რომ მოზარდი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობილი 17 ოქტომბერს გახდა.

საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 23 და გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.

კომენტარები