არჩევნები 2020

რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაბულა პოლიტიკური ლიდერების წერილების სერიას გთავაზობთ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წერილში ეპასუხათ, რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში.

ქართული ოცნება არ არის პრორუსული ხელისუფლება – ის პირდაპირ რუსული ადმინისტრაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალაუფლებაში დარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულოვანია, შევეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო, რა ელის ქართულ სახელმწიფოს 2024 წლამდე, თუკი 31 ოქტომბერს ძალაუფლებას ოპოზიციური ძალები ხელში არ/ვერ აიღებენ.

მოკლევადიან პერსპეტივაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება კორონაკრიზისს, ქვეყანას უმძიმესი ზამთარი ელის. ეკონომიკა სრულად არის განადგურებული, ჰოსპიტალური სექტორი კატასტროფის წინაშე დგას.

საქართველო არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო, არამედ როგორც ქვეყანაც გაქრება. ალბათ, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ოცნება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები, საუკეთესო ენერგიის მქონე ადამიანები სამუშაოდ უცხოეთში წასულიყვნენ და საქართველოში მხოლოდ რუსი ოლიგარქის დაქირავებული მოსამსახურეები დარჩენილიყვნენ. მისი ეს ბოროტი სურვილი შეიძლება რეალობად იქცეს.

სამუდამოდ დავემშვიდობებით ანაკლიის პორტის აშენების იდეას. ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში დაიწყება კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის წმენდა.

საქართველო საბოლოოდ დაემშვიდობება ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის იდეას.

გაგრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ხელისუფლება კი ისევ მოერიდება რუსი სამხედროების ტატუნაშვილი – ოთხოზორიას სიაში შეყვანას.

ხედავთ, როგორ იზრდება კრიმინალი, ნარკომანია. თუ ოცნება ხელისუფლებაში დარჩა, არ ვაჭარბებ, სახელმწიფოში 90-იანი წლების ბნელი, ქურდული საქართველო დაბრუნდება, რადგან ოცნების რეჟიმს კრიმინალურ სამყაროსთან სერიოზული ვალდებულებები ექნება აღებული.

გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა, არმიის დასუსტება, პოლიციის განადგურება – რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში უკვე დავინახეთ. საქართველო საბოლოოდ მიეჯაჭვება რუსულ ორბიტას და ვლადიმერ პუტინის უკანა ეზო გახდება.

ერთობლივი ძალისხმევით ამ სცენარის განვითარება არ უნდა დავუშვათ.

გუბაზ სანიკიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშიას ერთერთი ლიდერი. 

კომენტარები