კორონავირუსი საქართველოში

ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი Covid 19-ით გარდაიცვალა

ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრში ადასტურებენ. ექიმი სამკურნალოდ თბილისში იყო გადმოყვანილი.

"მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, ის სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“. – აცხადებენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

25 ოქტომბერს ასევე კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სულ ქვეყნის მასშტაბით 1 678 ექიმია კორონავირუსით ინფიცირებული. 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.

კომენტარები