არჩევნები 2020

კობახიძე: ქართველი ხალხი 31-ში ენმ-სა და ევროპულ საქართველოს "ლოკდაუნს" გამოუცხადებს

"ლოკდაუნი გამოცხადდება ერთადერთი – ქართველი ხალხი ლოკდაუნს 31 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს გამოუცხადებს". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ 2 ნოემბერს "ოცნება" მეორე ტურის წინ ე.წ ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს.

კობახიძე ამ განცხადებას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებულია განცხადებები და მკაფიოა, ქვეყნის ჩაკეტვა არ იგეგმება.

"ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრემიერმა, მთავრობამ გააკეთეს ეს განცხადებები. მკაიფიოდ ითქვა, რომ არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება, არაა ასეთი განზრახვა და ესაა მკაფიოდ გაცხადებული". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღეს, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას ცნობით, პარტიაში აქვთ ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება 2 ნოემბრიდან ქვეყნის სრულ ჩაკეტვას კვლავ გეგმავს.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის წინ "ფორის შექმნას" აპირებს, რადგან მათ იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. გიგა ბოკერია "ოცნებისა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ საკითხზე.

საქართველოში 2020წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები