დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატები: უწყებები დაცვის მხარეს საქმის მასალებზე წვდომას უზღუდავენ

0 კომენტარი

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს გენერალური პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაცვის მხარეს უზღუდავენ საქმის მასალებზე სათანადო წვდომას, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ივერი მელაშვილის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე, გენერალურ პროკურატურას დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები სრულად არ გადაუცია. აღნიშნული დასტურდება 2020 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმით. პროკურატურის პოზიციის თანახმად, საქმის მასალების ნაწილი, მათ შორის, საქმის საკვანძო მტკიცებულებები 1:200 000 მასშტაბის რუკების დედნები ინახება მათთან და საკმარისია, დაცვის მხარეს ჰქონდეს მათი ადგილზე გაცნობის უფლება, ხოლო ნაწილი მასალების გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

"ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს გენერალური პროკურატურა დღემდე უარს აცხადებს საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე იმ მოტივით, რომ თითქოს მათ კანონმდებლობის სრული დაცვით უკვე გადასცეს დაცვის მხარეს საქმის მასალის ასლები". – იუწყებიან ადვოკატები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამავე კოდექსის, 83-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო კოდექსის ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით.

"სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა (რუკები) არის დოკუმენტი, რომლის ბრალდებულისა და მისი ადვოკატისთვის ასლის სახით გადმოცემაც პროკურატურის ვალდებულებაა. ამასთანავე, რადგან რუკის სრულყოფილი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ფერად ვერსიაში, რაზეც წვდომა უნდა ჰქონდეს თავად ბრალდებულსაც, დაცვის უფლების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გადმოგვცეს რუკების ფერადი და შესაბამისი ფორმატის ასლები". – წერია განცხადებაში. 

ადვოკატები ასევე ლაპარაკობენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიდგომაზე და მას „შემაშფოთებელს“ უწოდებენ. მათი ცნობით, 2020 წლის 27 ოქტომბერს, ბიუროს წარმომადგენლებმა ადვოკატებს, ედუარდ მარიკაშვილსა და გიორგი მახარაძეს, სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრეს ექსპერტიზაზე გადმოგზავნილი საქმის მასალების გაცნობასა და დათვალიერებაზე.

"მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შეწყვიტონ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაცვის უფლების უხეში ხელყოფა და ადვოკატებს მისცენ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა". – ნათქვამია განცხადებაში

  • გიორგი მშვენიერაძე (ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI)
  • ედუარდ მარიკაშვილი (ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI)
  • სულხან კომახიძე (ნატალია ილიჩოვას ადვოკატი)
  • ნესტან ლონდარიძე (ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრი)
  • გიორგი მახარაძე (ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, უფლებები საქართველო)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები